ერევა თუ არა თორნიკე რიჟვაძე მერის საქმიანობაში - ფარულ ჩანაწერებზე მთავრობის თავმჯდომარის კომენტარი 

28 იანვარი 2020, 15:13 2990 ნახვა

სამშენებლო კომპანია "დექსტერ დეველოპმენტის" მფლობელმა, ლევან კანთელაძემ ორი დღის წინ, "მთავარი არხის" ჟურნალისტს აუდიო ჩანაწერები მიაწოდა, სადაც სავარაუდოდ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან საუბარია ჩაწერილი.

ბიზნესმენი ადგილობრივ ხელისუფლებას ბრალს სდებს იმაში, რომ მიღებული ნებართვის მიუხედავად, ბათუმის ბულვართან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უკანა ტერიტორიაზე, ნინოშვილის 25 ნოემრში, 18 სართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის უფლებას არ აძლევს. მანამდე კი, 2019 წლის მარტში, ლევან კანთელაძე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმასაც აცხადებდა, რომ მიწის მონაცვლეობაზე მას უარს ეუბნებიან, ის თანახმა იყო მშენებლობა ბულვარის ნაცვლად ბაგრატიონის ქუჩაზე დაეწყო.

ამ საკითხების განხილვის დროს, ფარულ სატელეფონო ჩანაწერში, სავარაუდოდ, ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ბიზნესმენს ეუბნება: "ერთადერთ გამოსავალს რაშიც ვხედავდი, ეს იყო კომპეტენციის ფარგლებში მიწის ჩანაცვლება გამეკეთებინა თქვენთვის, იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ დავჯდებით კომპეტენტურ და სერიოზულ ხალხთან და ამ თემებს დავალაგებთ... რადგან გვჭირდება გამოსავალი ვნახოთ... მე მითხრეს, რომ ეს საკითხი მთლიანად გადმორთე ჩვენზეო, მთავრობამ.... ჩვენთან გქონდეთ საქმეო... შენ გამოეთიშე ამ პროცესსო, ეტყობა სხვა დონისაა ეს საკითხი," - ამბობს ხმა, რომელიც ძალიან ჰგავს ბათუმის მერის ლაშა კომახიძის საუბარს, თუმცა მისი ავთენტურობა დადგენილი არ არის.

ჩანაწერში, ასევე საუბარია იმაზე, რომ "თემის დასალაგებლად" უკეთესია ბიზნესმენები თბილისში დაუკავშირდნენ ვინმეს. "ალბათ უკეთესია, რომ თქვენ თბილისიდან ამაში ვინმე ჩართოთ, ამან შეიძლება გაჭრას და უკეთესი შედეგი გამოიღოს... შეგიძლიათ დაიწყოთ ეგ პროცესი" - ეუბნება ჩანაწერში ხმა, რომელიც ბიზნესმენის მტკიცებით, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. 

ესაუბრება თუ არა ბიზნესმენს ბათუმის მერი? იკვეთება თუ არა მერის კომპეტენციაში მთავრობის ჩარევის ფაქტები, როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან? ლაშა კომახიძეს ამ ჩანაწერთან დაკავშირებით განმარტებები არ გაუკეთებია. დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს კი კითხვა მთავრობის სხდომის შემდეგ დავუსვით.  

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ის მხოლოდ მისი კომპეტენციის ფარგლებში ერევა პროცესებში: "თუ არსებობს კონკრეტული პირის უფლების შელახვის ფაქტი, ბიზნესმენებს შეუძლიათ მიმართონ ბიზნესომბუცმენს ან სასამართლოს, ჩვენ ახლა ბიზნესდავების განხილვაში არ შევალთ. რაც შეეხება ჩარევას, იგივე წარმატებით შეუძლიათ თქვან, რომ ზანზიბარის არჩევნებში ჩავერიე, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მე, როგორც მთავრობის თავმჯდომარე და პარტიის ხელმძღვანელი აჭარაში, იმ დოზით ვერევი პროცესებში, რისი უფლებაც მაქვს" - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან თორნიკე რიჟვაძემ.  

ასევე, მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ ბიზნესმენებს შესაბამის პასუხს ბათუმელები გასცემენ, რადგან 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობა ბულვარის ტერიტორიაზე სურთ:  "პირველი თქვენ უნდა იკითხოთ, სად აპირებენ საერთოდ მშენებლობას და რატომ უნდა ბათუმის ბულვარში 18 სართულიანი შენობის ჩადგმა. ბათუმელები გასცემენ მათ შესაბამის პასუხს. ჩემი თანამდებობა არ მომცემს იმის უფლებას," - ამბობს თორნიკე რიჟვაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში