ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ - საგარეო

17 დეკემბერი 2019, 17:17 641 ნახვა

2017 წელს ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები  პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

კონსტანტინიდის ცნობით, ახლახან მიიღეს ინფორმაცია, რომ საქართველოს ორმა მოქალაქემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა გათავისუფლებულები საქართველოში რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ.

„ჩვენი მეზღვაურები ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. დავუკავშირდით ადგილზე ადვოკატს, ჩვენი საელჩო ადგილზე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლიბიაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი უკვე იმყოფებიან სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გარეთ და უახლოეს დღეებში გამოემგზავრებიან საქართველოში."- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ორი მეზღვაური ლიბიის ტერიტორიულ წყლებში 2017 წელს დააკავეს. თავდაპირველად სასამართლომ მათ რამდენიმე ბრალდება წაუყენა, კერძოდ ნავთობის უკანონოდ გადაზიდვა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მეზღვაურებს ბოლოს ნავთობის უკანონო შეტანა ბრალდებოდათ, რისთვისაც მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა ჰქონდათ დაკისრებული. მათ აღნიშნული ბრალდებაც მოეხსნათ.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში