პროკურატურა : ნიკა გვარამიას პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს

01 დეკემბერი 2019, 20:44 1702 ნახვა

ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ გადაცემა მთავარ აქცენტებში ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ამავე პოსტში წერს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მიიღო. მისი მხრიდან, მსგავსი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.  რომელშიც ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს.

მიმდინარე წლის აგვისტოში გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა და დამატებით ღონისძიებად პროკურატურის ნებართვის გარეშე  ქვეყნის დატოვება აეკრძალა. 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურაში გამოძიება დაიწყო რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი აქვს წარდგენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების მიზნით და გამოყენების საქმეზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში