ვემიჯნებით რევოლუციას, დროებითი მთავრობის მოთხოვნას კი არასერიოზულად ვუყურებთ - მამუკა ხაზარაძე

16 ნოემბერი 2019, 21:22 2831 ნახვა

ჩვენ არ ვემხრობით, პირიქით ვემიჯნებით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით, რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით, - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი.

მამუკა ხაზარაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ოპოზიციასთან გაერთიანებას ''ლელო'' არ აპირებს, ისინი მოქალაქეებთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, პროპორციული არჩევნების ჩატარების უფლების წართმევას აპროტესტებენ.

''კატეგორიულად ვაფიქსირებ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების პოზიციას, რომ გავემიჯნებით და ხელს შევუშლით ყველანაირ რევოლუციურ სცენას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, პერსპექტივა. ერთმანეთის ჯიბრზე და ქვეყნის ინტერესების ხარჯზე რაღაცეები არ უნდა მოხდეს...

პროპორციული არჩევნების ჩატარების უფლება ''ქართულმა ოცნებამ'' და ბიძინა ივანიშვილმა წაართვა ქართველ ხალხს. წაართვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უფლება. ვაპროტესტებთ ამ კანონის ჩაგდებას და ეს პროტესტი სხვა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებს ემთხვევა. მოვითხოვთ ქართულ პოლიტიკაში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაბრუნების უფლებას და ამის თეორიული შანსი ჯერ კიდევ არის. ჩვენ ვდგავართ იმ პროტესტის და ახალგაზრდების გვერდით, რომელბმაც მოიპოვეს პროპორციული არჩევნების უფლება.  ეს არ არის რომელიმე პარტიის თემა, ეს არის სრულიად საქართველოს ხვალინდელი დღე. სხვა თანხვედრა ''ლელოს'' ოპოზიციურ პარტიებთან არ გაგვაჩნია. იქ ისეთი მრავალნაირი სპექტრია, არიან ისეთები, ვის იდეებსაც ვერ გავიზიარებთ. ამ ერთ საკითხში ვთანხმდებით ყველა, საზოგადოება და პარტიები'', - თქვა ეთერში მამუკა ხაზარაძემ. 

''ლელოს'' დამფუძნებელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნდობის ლიმიტი ამოწურა,ხაზარაძეს წარმოუდგენლად მიაჩნია ''ქართულ ოცნებას'' საზოგადოება ისევ ენდოს.  

''როგორ შეიძლება ენდო ''ქართულ ოცნებას'', და ბიძინა ივანიშვილს, რომელბმაც უხვად დაარიგეს დაპირებები, რომლიდანაც პრაქტიკულად არაფერი შესრულდა. გუშინ წინ პრაქტიკულად მოხდა ყველაზე დიდი ტყუილის დემონსტრირება, მთელი საზოგადოება ''გადააგდეს'', რასაც ჰქვია გადაგდება, ურცხვი გადაგდება, უნამუსო გადაგდება და ამასაც თუ თავს დავანებებთ ქვეყანა გადააგდეს, ქვეყნის პერსპექტივა გადააგდეს. 

შესაბამისად ამ მდგომარეობაში მე წარმოუდგენლად მიმაჩნია რა ლეგიტიმაცია დარჩათ მათ. რა პირით უნდა შეხვდნენ მოსახლეობას, რა უნდა დაპირდნენ მომავალი არჩევნებისთვის, რა პროგრამა უნდა წარმოადგინონ... ყველაზე დიდი ზიანი მიაყენეს საკუთარ თავს, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნდობის ლიმიტი ამოწურა,'' - განაცხადა პირდაპირი ჩართვის დროს ''ლელოს'' დამფუძნებელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ''ლელო'' დროებითი მთავრობის შექმნაში, აპირებს თუ არა რაიმე ფორმით მონაწილეობას? მამუკა ხაზარაძე ასე პასუხობს: ''სიმართლე გითხრათ იურიდიულად ვერ ვხედავ მექანიზმს რას ნიშნავს დროებითი მთავრობა და როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ის. ამ სცენარს სერიოზულად ვერ ვუყურებ. შესაბამისად ჩვენ არ უნდა გამოვიდეთ არსებული კანონმდებლობიდან.''

საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო. ხმები ასე გადანაწილდა: მომხრე  -101, წინააღმდეგი - 3.

პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. 

რუსთაველის გამზირზე მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი