იახტკლუბთან ველობილიკზე დახლები განთავსდა - მოვაჭრეები ველოსიპედისტებს გზას უხერგავენ

22 ოქტომბერი 2019, 10:26 3241 ნახვა

ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები მინდორზე, ველობილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. დახლების ნაწილზე მოვაჭრეებს უკვე აქვთ პროდუქცია გამოტანილი, ნაწილი კი ისევ ცარიელია. 

დახლთან მისულ მყიდველს, აუცილებლად ველობილიკზე მოუწევს დგომა და ველოსიპედებისთვის გზის ჩახერგვა.

ვიდეო სოციალურ ქსელში დავით ტრაპაიძემ განათავსა.

 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ერთი ზომისა და ფერის სავაჭრო დახლები, გარემოვაჭრეებმა მათი მოთხოვნის საფუძველზე დაამზადეს. ასეთი დახლების განსათავსებლად გოგებაშვილის ქუჩაზე, საბაგიროს ტერიტორიიდან ანბანის კოშკამდე, 14 ადგილზე გაიცა ნებართვა, თითო ლოკაციაზე ორი-სამი დახლი დაიდგმება. 

მერიაში ამბობენ, რომ ამ ფორმით შეეცადნენ სანაპიროზე გარევაჭრობა მოეწესრიგებინათ.  რაც შეეხება ველობილიკის ჩახერგვას, დავით კოპინაძის თქმით, გარემოვაჭრეებმა არასწორად დადგეს დახლები და მათ ამის შესახებ გაფრთხილებაც მიიღეს. 

"ჩვენც დაგვხვდა ველობილიკთან, ამიტომ გაფრთხილება მივეცით. თავადვე უნდა გადმოიტანონ ფეხითმოსიარულეთა მხარეს ეს დახლები, რომ ველობილიკი არ ჩაიხერგოს," - ამბობს მერიის წარმომადგენელი.   

დახლებზე ხილი, წვენი, მოხარშული სიმინდი, ღვინო და სხვა პროდუქცია გაიყიდება.    

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში