ბათუმის ორ რესტორანში მოქალაქეებს ფალსიფიცირებულ ბრენდულ სასმელებს სთავაზობდნენ - საგამოძიებო

19 სექტემბერი 2019, 09:39 2130 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის ორ რესტორანში, მოქალაქეები ფალსიფიცირებულ ბრენდულ სასმელებს ამზადებდნენ და კვების ობიექტში მისულ მომხმარებლებს სთავაზობდნენ. 

სამართალდამცველებმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს.

ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ყალბი აქციზური მარკები და მის დასამზადებლად განკუთვნილი პოლიგრაფიული მასალა.

''გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში გააჩნდათ ორი რესტორანი, სადაც ახდენდნენ ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის ჩამოსხმას უცხოური ბრენდირებული წარმოების ბოთლებში, მის ნიშანდებას მათივე დამზადებული ყალბი აქციზური მარკებით და შემდგომ რეალიზაციას აღნიშნულ რესტორნებში'' - წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დანაშაული 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რესტორნების დასახელება დაკონკრეტებული არ არის. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში