0%  ათვისებული  მილიონიანი პროექტები აჭარაში - აუდიტის სამსახური

16 სექტემბერი 2019, 17:48 497 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში აჭარიდან ორი პროექტი მოხვდა, რომელთა ბიუჯეტი ამ დროისთვის 0%-ითაა ათვისებული. 

აუდიტის დასკვნის თანახმად, ამ დრომდე არ დაწყებულა აჭარის მყარი ნარჩენების მართვისა და ქობულეთის წყალარინების პროექტის განხორციელება.

ჩამონათვალში მსგავსი კიდევ 25 პროექტი მოხვდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, 0%-ითაა ათვისებული. მათი ჯამური ღირებულება კი, 400 მილიონ ლარზე მეტია.

აუდიტის სამსახურში აღნიშნულ მონაცემებზე  დაყრდნობით ამბობენ, რომ  არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია. ამასთან, არ ხდება საბიუჯეტო რესურსით დაფინანსებული  პროექტების წინასწარი შეფასება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი ამბობენ, რომ  „მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის განხორციელება და თანხის ათვისებაც დაწყებულია.

„აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ფარგლებში, 2019 წლის 11 აპრილს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და „გოქსინ ინშაათს“ შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცეცხლაურში, ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობის თაობაზე. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოების მთლიანი ღირებულებაა 6 987 000 ევრო. ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა 18 თვეს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, 2019 წელს სულ ათვისებული იქნება 3 450 559 ევრო, მათ შორის უკვე ათვისებულია 698 700 ევრო. 2020 წელს კი 3 536 441 ევროს ათვისება განხორციელდება“- განმარტეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

უწყებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ კვლევა აუდიტის სამსახურს  სამუშაოების დაწყებამდე ჩაეტარებინა.

რაც შეეხება ქობულეთის წყალარინების პროექტს. ხელშეკრულება 2016 წელს გაფორმდა. პროექტის ფარგლებში ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა უნდა აშენებულიყო, რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 1,5 მილიონი ევრო გამოყო.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ აუდიტის დასკვნაში მოყვანილ მონაცემებზე, კომენტარს არ აკეთებენ, რადგან სამუშაოებზე პასუხისმგებელი მუნიციპალური განვითარების ფონდია.

მერიაში გვითხრეს, რომ ამჟამად აღნიშნული პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მშრალი შლამის გაუწყლოების სამუშაოებს ითვალისწინებს. მათივე თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდს  აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს და გამარჯვებულიც გამოვლენილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი