თქვენი ვალდებულებაა სწორი პოლიტიკა განსაზღვროთ, დეველოპერები სამშენებლო სივრცეს თვითონ იპოვნიან - ნინო ინაიშვილი 

16 ივლისი 2019, 13:57 2463 ნახვა

ბათუმის საკრებულო დღეს, 16 ივნისს,  ''რივიერას" განაშენიანების გეგმას განიხილავს. საუბარია ძველი ბათუმის საპორტო ზოლში 5 ცათამბჯენის მშენებლობაზე. საკითხის განხილვას სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"ბათომის" წევრები საკრებულოს დეპუტატებს მოუწოდებენ, გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს. 

''თქვენი ვალდებულებაა სწორი პოლიტიკა განსაზღვროთ, თორე მენაშენეები და დეველოპერები თვითონ მიაგნებენ სად უნდა ააშენონ და რა უნდა გააკეთონ. ამაში ხართ თქვენ ძალიან სუსტები'' - ასე მიმართა საკრებულოს წევრებს ნინო ინაიშვილმა. 

მისი თქმით სამი ძირითადი კითხვაა, რომელზეც ისინი პასუხებს ელოდებიან. 

''ისტორიულ ზონასთან დაკავშირებით თქვენგან არაკომპეტენტური პასუხები მოვისმინეთ. 15 მარტს თბილისში გაიმართა ამასთან დაკავშირებით სხდომა, რომლესაც ესწრებოდა ქალაქის მერი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი და რომლებმაც საერთოდ ვერანაირი არგუმენტაცია ვერ წარმოადგინეს, რომ რივიერას ტერიტორია არ იყო ისტორიული ზონა.

მეორე საკითხია ეკოლოგია, დღეს რაც მოვისმინე ამან საოცრად აღმაშფოთა. ამაზე საზოგადოება თქვენ პასუხს მოგთხოვთ. ნახეთ მთავრობის მიერ 2013 წელს გაკეთებული აჭარის კლიმატის ცვლილებების სტრატეგია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ დიდ საფრთხეებთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირეთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში, მეწყერული ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა. აი ამ კითხვაზე გამეცით პასუხი, სერიოზული, დასაბუთებული. ეს არის მეცნიერების მიერ გაკეთებული კვლევა.

მესამე ეს არის ეკონომიკური ნაწილი - ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები, მაგრამ იმისთვის გვყავს საკრებულო და მთავრობა, რომ სწორი პოლიტიკა განსაზღვროთ, ეს თქვენი ვალდებულებაა. თორე მენაშენეები და დეველოპერები თვითონ მიაგნებენ სად უნდა ააშენონ და რა უნდა გააკეთონ. ამაში თქვენ ძალიან სუსტები ხართ'' - განაცხადა სხდომაზე ნინო ინაიშვილმა. 

სხდომას ექიმი-კარდიოლოგი ზეინაბ დიასამიძეც ესწრებოდა. ის ამბობს, რომ სანაპირო ზოლის ჩაკეტვა არ შეიძლება და გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისივე მოქალაქეების ჯანმრთელობაზე უნდა იფიქრონ. 

''ქალაქში ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ განაღვლებთ? მე ვარ ექიმი და ვიცი, როგორი დასნეულებულია დღეს მოქალაქეები? ჯანმრთელობის რა პრობლემები აქვთ და რატომ? ამის კვლევა არავის არ აინტერსებს და მათ შორის არც ამ საკრებულოს. ჯერ ეს გამოიკვლიონ და მერე გასცენ ნებართვები მაღლივ შენობებზე'' თქვა ზეინაბ დიასამიძემ.

რივიერას მშენებლობას ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებიც ეწინააღმდეგებიან. ამბობენ, რომ დღეს საკრებულომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - სჭირდება თუ არა ქალაქს ეს პროექტი და გათვლა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით არ უნდა გაკეთდეს.  

''ქართული ოცნების'' დეპუტატები კი ამბობენ, რომ პირიქით ეს რეგიონისთვის მომგებიანი პროექტია, რადგან მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, დასაქმდება მშენებლობაზე 2000 ადამიანი, შემდეგ კი მუდმივად 1000. ყოველწლიურად ქალაქის ბიუჯეტში კი 7 მილიონი ლარი შევა. 

ახალი პროექტით, რივიერის ტერიტორიაზე 6 ნაცვლად 5 ცატამბჯენი აშენდება. პირველ ეტაპზე 42 სართულიანი. იქნება საცხოვრებელი, სასტუმრო, გასართობი, საზოგადოებრივ სივრცეები, რესტორნები და კაზინოები.

​საკრებულოს სხდომაზე დღეს კვლევების ნაწილიც წარმოადგინეს. ​''გეოგრაფიკის'' 19 აპრილის დასკვნაში წერია, რომ ახალი მრავალსართულიანი შენობები, არ ფარავს იქ არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში