თურქეთში ავარიას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა 

26 ივნისი 2019, 11:23 9567 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში ტრაბზონთან ახლოს, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე, ავარია მოხდა.  გარდაცვლილია საქართველოს ორი მოქალაქე, ორი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

უწყების ინფორმაციით, 55 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა და ის რიზეს საავადმყოფოში რჩება.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულები, ხულოს მკვიდრები არიან. ისინი მეზობელ ქვეყანაში, სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და 26 ივნისს, გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდნენ. 

დაღუპული და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურები. 

''მსუბუქ მანქანაში საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. აჭარის მკვიდრები, მათგან ორი, 70 წლის ქალი და 56 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

55 წლის ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, პოლიტრავმით, მათ შორის თავის ქალის მძიმე დაზიანებით, ასევე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ საჭესთან იყო, მას ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და ჩატარებული პროცედურის შემდეგ კლინიკას მალე დატოვებს. 

ადგილზე იმყოფებიან ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები. გარდაცვლილები პროზექტურაში გადაასვენეს, პროცედურები დასრულებულია. უკვე დაიწყო გადმოსვენების პროცედურები. ტრანსპორტირებას, სარფის საბაჟომდე თურქული მხარე უზრუნველყოფს, ქართულ მონაკვეთზე კი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდებიან'', - უთხრა ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

 

ფოტო სოციალური ქსელიდან

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში