თუ მე ტერორისტი ვარ, რატომ არ მაკავებენ? - მალხაზ მაჩალიკაშვილი 

08 მაისი 2019, 10:53 1747 ნახვა

მალხაზ მაჩალიკაშვილი, ტერორიზმში ბრალდებული და სპეცოპერაციის დროს საძინებელში მოკლული თემილან მაჩალიკაშვილის მამა, რომელიც გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტის მომზადებასა და სუს-ის უფროსის მოადგილის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა, დაკავებული არ არის. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ დამნაშავეა მზადაა დააკაონ.   

„9 თვეა თბილისის ცენტრში ქუჩაში ვდგავარ დღე და ღამე, სიცივეში და პაპანაქებაში. თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ, რატომ არ მაკავებენ? ორი თვის წინ, სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო, დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ?

კი, მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი, ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა? არავის გისურვებთ იმ სისასტიკის განცდას, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ.

გამწარებული მამის, შვილმოკლული მამის მუდმივი დევნა, თვალთვალი და მისი სიბრაზის დროს ნათქვამი სიტყვების დევნა და გასაჯაროვება, ეს არის სახელმწიფოს დანიშნულება?! მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადამიხვევია. არც არასდროს გადავუხვევ! მე ვრჩები კარავში და ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას! თუ მე საფრთხეს წარმოვადგენ, მზად ვარ დამაკავონ! ჩემი სიცოცხლე უკვე დიდი ხანია დასრულდა. ყველას გისურვებთ მშვიდობას,” - წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი