საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის ომის დროს დამწვარი ბორჯომის ტყის გადასარჩენად

12 მაისი 2017, 20:00 1216 ნახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კამპანია „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად“ შეუერთდა, ადინისტრაციის თანამშრომლები ბორჯომის ხეობის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც 2008 წელს, რუსული აგრესიის შედეგად ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის ნერგები შეიძინეს, რომელიც ტყე-პარკშ დაირგვება.

 
„ჩვენ აქ ვხედავთ რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ სამწუხარო შედეგს - ბორჯომის დამწვარ ტყეს. საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი შემოუერთდა აქციას, რათა გაერთიანებული ძალებით აღვადგინოთ რუსული ოკუპაციის შედეგად გადამწვარი ბორჯომის ტყე და ვფიქრობ, რომ ისევე, როგორც მთელი საქართველო დღეს ერთიანდება ბორჯომის ტყის აღსადგენად, ასევე გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი შედეგის, დარღვეული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”, - განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
ბია – ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო და სტარტაპი “თრიფექსი” ერთობლივი კამპანიის „გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად“ მიზანია ბორჯომის ხეობის ნახანძრალი ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

თუ თქვენც გსურთ აღადგინოთ ბორჯომის პარკი, საშუალება გაქვთ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე  https://aghadgine.ge/ka,  გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია და თქვენს სახელზე დარგოთ ერთი ხე. თითო ხის დასარგავად უნდა გადარიცხოთ 10 ლარი. 

ბორჯომის ტყეში ხანძარი 2008 წელს მოხდა. ომის დროს, ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა დიდი ინტენსივობით მოიცვა მაღალი ეკოლოგიური ღირებულების წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული 950 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა. წლების შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, ვერ ხერხდება დაზიანებული უბნების ბუნებრივი განახლება. შედეგად, დამძიმებულია ეროზიული ფონი და ტყის მასივი კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. შეიმჩნევა ჰაერის ხარისხის მკვეთრი გაუარესება, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. კვლევებმა დაადგინეს, რომ ხანძრის შემდეგ, ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ჩარევა ტყის სრული რეაბილიტაციისთვის 

ამავე კატეგორიაში