თამარ ჟვანია პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედა

20 ივლისი 2016, 20:00 1063 ნახვა

პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დღეს ცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო კომისიის იმ ფუნქციებზე ისაუბრეს, რომლებიც 21-ე მუხლითაა განსაზღვრული. ასევე, ყურადღება ძირითად და დამხმარე კომისიების უფლებამოსილებაზე გამახვილდა. დამხმარე კომისიები ყველა ფუნქციას ასრულებენ, თუმცა, არის კონკრეტული მოვალეობები სადაც მათ მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვა აქვთ – აცხადებენ ცესკოსა და უსკოს თავმჯდომარეები თამარ ჟვანია და პარმენ ჯალაღონია.
საარჩევნო კანონმდებლობის ინსტრუქციების განხილვისას, დამატებითი ოლქების ფუნქციის დაკარგვის საკითხი დაისვა. მესამე სექტორის წარმომადგენლები, ასევე, იმ შესაძლო ხარვეზებზე საუბრობენ, რომლებიც, შესაძლოა, დამხმარე და ძირითადი ოლქების მუშაობის სფეციფიკაში გამოიკვეთოს, აცხადებს "სამართლიანი არჩევნების" რეგიონული კოორდინატორი მადონა ბერიძე. აღსანიშნავია, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიების ნუმერაცია არ შეცვლილა, საოლქო- საარჩევნო კომისია თავის უფლებამოსილებას მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის შესაბამის ტერიტორიაზე ახორციელებს. 
შეხვედრის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარეს კითხვა ჟურნალისტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერის ლევან ვარშალომიძის მიერ მოსახლეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ დაუსვა. დოკუმენტით პარტია ადგილობრივებს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას ჰპირდება. თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკოსთვის ოფიციალური განცხადებით არავის მიუმართავს, ასევე, ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან, მისივე თქმით, საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს. 
4 დღეში ლევან ვარშალომიძე აუდიტის სახელმწიფო სამსახურშია დაბარებული. უწყება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს დაკითხავს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან დადებული ხელშეკრულებით კანონი დაირღვა თუ არა, ასევე, მიეცემა თუ არა საკითხს ამომრჩევლის მოსყიდვის კვალიფიკაცია.

ავტორი: ჯენი კვანტალიანი

ამავე კატეგორიაში