ზოოპარკისთვის თვითნებურად დაკავებული მიწის გამოსათავისუფლებად მერია ნახევარ მილიონზე მეტს გადაიხდის

28 თებერვალი 2019, 00:00 2227 ნახვა

ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს ბიუჯეტიდან 568 ათასი ლარით იმ მოქალაქეების დაკმაყოფილებას ავალებს, რომლებსაც დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები თვითნებურად აქვთ დაკავებული. 

მიწა, რომელსაც მოქალაქეები იყენებდნენ აჭარის მთავრობის საკუთრებაში იყო, 2018 წელს მიწის ნაკვეთები ბათუმის მერიას გადმოეცა. როგორც საკრებულოს განკარგულებაში წერია, მოქალაქეებს მიწის 80 849 კვადრატული მეტრი უჭირავთ. ბათუმის მუნიციპალიტეტი ერთ კვადრატულ მეტრში მოქალაქეებს 7 ლარს გადაუხდის. 

ბათუმის ზოოპარკის დაბა ჩაქვში გადატანის გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ გასულ წელს მიიღო. საკრებულომ კი, დაბა ჩაქვში მიწის ნაკვეთებზე  ახალი ზოოპარკის მშენებლობის გადაწყვეტილება 2018 წლის 11 აპრილს დაამტკიცა. 

ბათუმის ცენტრალური პარკიდან ზოოპარკის გადასვლის საკითი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ზოოკუთხეში სხვადასხვა დაავადებით ცხოველები დაეცა.  ცენტრალური პარკის  ყოფილი დირექტორი ალექსანდრე თევზაძე აცხადებდა, რომ ზოოკუთხის ამ ფორმით შენარჩუნება ცხოველების წამების ტოლფასია

მოგვიანებით, ბათუმის მერმა დაანონსა ზოოკუთხის გადატანა სხვა ტერიტორიაზე. ბათუმის ცენტრალურ პარკში ზოოკუთხე ვიზიტორებისთვის მას შემდეგ დახურულია.  

ამავე კატეგორიაში