''ეზოები უნდა გადავაქციოთ მიკროსამყაროებად, რომელში ყოფნაც ტურისტებისთვის საინტერესო იქნება'' - ბათუმის მერი

06 ივნისი 2018, 00:00 2574 ნახვა

ძველი ბათუმის ეზოების ახალი სიცოცხლე. ისტორიული განაშენიანების ზონაში, მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ საკუთარი სახლის ეზოები, კომერციული დატვირთვით გამოიყენონ. ინიციატივა მერიას ეკუთვნის. მუნიციპალიტეტი მზად არის საინტერესო პროექტების არსებობის შემთხვევაში, საკითხზე იმსჯელოს და პირველ ეტაპზე 10 ეზოს პროექტი დააფინანსოს. 

''ნათელი მაგალითები გვაქვს იმისა, რომ ბათუმის ეზოები შეიძლება გადაიქცეს შემოსავლის წყაროდ. ამორტიზებული შენობა და ეზო ძალიან კარგ ობიექტად მოგვევლინოს. ეს ინიციატივა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ახალი შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ და იქ ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გახდეს. ძველი ბათუმის შემთხვევაში ორი კონფლიქტური მხარის წინაშე ვდგევართ. ერთი ეს არის მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მეორე მხრივ კი ჩვენ ვერ ვაძლევთ იქ მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის უფლებას. ვინაიდან არ გვინდა დავკარგოთ ქალაქის სახე. ამიტომ გადავწყვიტეთ ისტორიული განაშენიანების ზონაში, პირველ ეტაპზე 10 ეზო შევარჩიოთ. კვლევა ტენდერის ფარგლებში ჩატარდება, აირჩევა ეზოები, რომლებსაც აქვთ ხიბლი, სახასიათოა, რომლის უკანაც დგას ისტორია. ტურისტს იზიდავს არა მხოლოდ ვიზუალური მხარე, არამედ ლეგენდაც, რომელის მონაწილეც ის ხდება. მითუმეტეს ბათუმი ძალიან მდიდარია ისტორიული წარსულით'' - აცხადებს ლაშა კომახიძე. 

ბათუმის მერი ამბობს, რომ ეზოების პროექტებს სპეციალური კომისია შეარჩევს. კომისიაში კი ძველი ბათუმელები, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები და ეკონომისტები იმუშავებენ. 

ლაშა კომახიძის თქმით, მოქალაქეებმა ეს შანსი უნდა გამოიყენონ.

''ძველ ბათუმში ტურისტი შემოდის, რას აკეთებს? უბრალოდ მიდის ქუჩებში, ვერსად ვერ ჩერდება. ერთადერთი ობიექტი, სადაც მიდის, ეს პიაცაა. ძალიან ხშირად ნახავთ დამსვენებლებს, რომლებიც ამა თუ იმ ეზოში შეიხედავენ, იღებენ სურათს, ინტერესდებიან. სწორედ ესეც გახდა პროექტის ერთ-ერთი შთამაგონებელი. რეალურად ეს ეზოები საინტერესოა ტურისტებისათვის და ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება ეს ეზოები გადავაქციოთ პატარა მიკროსამყაროებად, რომელშიც ყოფნა მათთვის საინტერესო იქნება. თუ კი ადამიანს მივცემთ საშუალებას, საკუთარი ეზო შემოსავლის წყაროდ აქციოს, არა მგონია არ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა'' - განაცხადა ბათუმის მერმა ''რადიოვიზიის'' ეთერში. 

თითეული ეზოსთვის, პირველ ეტაპზე, გრანტის სახით, 10 ათასი ლარია გათვალისწინებული. პროცესს დაახლოებით 5 თვე დასჭირდება. მოქალაქეები, რომლებიც ამ პროექტს დათანხმდებიან, მეწარმეობის უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, ტრენინგები ჩაუტარდებათ.

ამავე კატეგორიაში