სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18 ივლ 2022

სოსო გოგაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი - პატიმრობას.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 8 სექტემბერს ჩაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.