დიაბეტიან ბავშვებს შაქრის საზომი სენსორული აპარატები სახელმწიფო პროგრამით დაუფინანსდებათ - რეგისტრაცია 23 ივნისს დაიწყება 

22 ივნ 2022

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების მისაღებად რეგისტრაცია 23 ივნისიდან დაიწყება - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორები შეისყიდეს, რომელიც ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ჩამოვა.

მსურველებმა რეგისტრაცია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში უნდა გაიარონ. 

''CGM სისტემის მიღება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 დიაგნოზის მქონე არასრულწლოვნების გარდა, 18 წელს გადაცილებულ, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ, უსინათლო პაციენტებსაც შეეძლებათ, ასევე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს, რომელთაც აქვთ ცერებრული დამბლა, დაუნის სინდრომი ან დუშენ-ერბის დაავადება.

გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებს 18 წელს გადაცილებული ის პირებიც მიიღებენ, ვინც სრულწლოვნები, პროგრამის ძალაში შესვლის თარიღიდან (15 იანვრიდან) გახდნენ.

ბენეფიციარი, პირველ ჯერზე, კომპლექტს და 5 სენსორს მიიღებს. თავდაპირველად CGM სისტემების გაცემა და დამაგრება სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერული მომსახურების მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება, სადაც პაციენტია რეგისტრირებული (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი). გადამზადებული პერსონალი კი ბენეფიციარს და მის მეურვეს ინსტრუქტაჟსაც ჩაუტარებს, თუ როგორ უნდა ისარგებლონ კომპლექტით და მოახდინონ შემდეგ ჯერზე სენსორის დამოუკიდებლად დამაგრება.

ყოველ მომდევნო ეტაპზე, ბენეფიციარს სენსორების აღება, ქვეყნის მასშტაბით, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტით უზრუნველყოფის კომპონენტის მიმწოდებელ აფთიაქებში შეეძლებათ (სააფთიაქო ქსელი „მედფარმა პლუსი“)'' - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფრმაციაში.