05 მაი 2022
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქეებს ბათუმში მაღალი კლასის სასტუმროების დატოვება მოუწევთ.
დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, ამის მიზეზი მოახლოებული ტურისტული სეზონი და ბათუმზე ვიზიტორთა, მათ შორის უკრაინის მოქალაქეების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა გახდა.
თინა ზოიძის განმარტებით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მომდინარეობს კერძო სექტორთან, არ არის გამორიცხული უკრაინელი ლტოლვილები საოჯახო ტიპის სასტუმროებში განათავსონ.
მისივე თქმით, სამი თვის განმავლობაში სასტუმროების ნაწილი, სადაც უკრაინის მოქალაქეები ცხოვრობდნენ, მათ უსასყიდლოდ მასპინძლობდნენ.
"ომის დაწყებიდან აჭარის და საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საჭიროების მქონე არც ერთი უკრაინის მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრებლისა და კვებითი მომსახურების გარეშე. აჭარის რეგიონში შემოსული ყველა უკრაინის მოქალაქე, რომელმაც მოგვმართა თხოვნით, რა თქმა უნდა, იქნა საცხოვრებელით უზრუნველყოფილი.
განთავსების ობიექტები 3 თვეა მასპინძლობენ უსასყიდლოდ ამ ადამიანებს.
ასევე შემუშავდა კონკრეტული პროგრამა და გამოიყო ბიუჯეტი უკრაინის მოქალაქეების განთავსების და საჭიროებების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პირები განთავსებული არიან მაღალი კლასის სასტუმროებში, საზღვაო სეზონი მოდის, იმატა მომართვიანობამ, როგორც უკრაინიდან ახალშემოსული მოქალაქეების, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისგანაც, გაზრდილია მოთხოვნადა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან, აჭარის მთავრობასთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გადაწყვიტა თითოეული უკრაინის მოქალაქისთვის მოძიებული იქნას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
მათთვის, რომლებიც განთავსებული არიან მაღალი კლასის სასტუმროებში ეტაპობრივად გამოიძებნება როგორც ბინები, ასევე სხვა ტიპის საცხოვრებლები და ეტაპობრივად იქნება შეთავაზებული.
ჩვენთვის უკრაინის თემა არის ძალიან სენსიტიური, ყველა ძალიან სოლიდარულად ვართ განწყობილი იმ პროცესების მიმართ რაც უკრაინაში ხდება. სახელმწიფო და მოქალაქეები აკეთებენ მაქსიმუმს ერთად, რომ არც ერთი უკრაინის მოქალაქე არ დარჩეს გარეთ."- განაცხადა თინა ზოიძემ.
მისივე თქმით, იმ ნაწილს, რომელსაც კერძო სექტორი ვეღარ აკმაყოფილებდა, სახელმწიფო ერთვებოდა და უფინანსებდა საცხოვრებელს და კვებით საჭიროებას.
"უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი რანგის სასტუმროები პირველი იყო ვინც უკრაინის მოქალაქეებს უსასყიდლოდ ცხოვრება შესთავაზა. მოქალაქეები სამი თვეა სასტუმროებში უსასყიდლოდ ცხოვრობენ და მადლობა მინდა ვუთხრა ყველა სექტორის წარმომადგენელს, ვინც ეს კეთილი ნება გამოხატა. საზღვაო ტურისტული სეზონი მოდის, რა თქმა უნდა, მათ აქვთ გეგმები და ჩვენ შეძლებისდაგვარად დავეხმარებით, რომ მოქალაქეები, რომლებიც იქ არიან განთავსებული ქონდეთ საცხოვრებელი.
უკრაინის ბევრ მოქალაქეს სურს საცხოვრებელი ბათუმში ქონდეს. მომატებულია მოთხოვნა. სხვა რეგიონებიდანაც გადმოდიან ბათუმში საცხოვრებლად. შესაბამისად უნდა გავიგოთ, რომ სახელმწიფო ფინანსური რესურსიც არ არის ამოუწურავი. ამიტომ ვცდილობთ ყველა გზა გამოვიყენოთ, როგორც კერძო სექტორის ჩართულობით, ასევე ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები და ადგილები, როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ, რომელსაც შევთავაზებთ.
პირველივე დღიდან, ჩვენ ვმუშაობდით კერძო სექტორთან. გაკეთდა სპეციალური ბაზა, სასტუმროების, განთავსების და კვების ობიექტების, ვინც გამოთქვა სურვილი, რომ მიიღებდა მოქალაქეებს უსასყიდლოდ. არის ობიექტი, რომელმაც უმასპინძლა ერთი კვირა, ან სამი თვე. ამ ადამიანებმა სოლიდური ნაბიჯი გადადგეს უკრაინელი მოქალაქეების მიმართ. იმ ნაწილს, რომელსაც კერძო სექტორი ვეღარ სთავაზობდა სახელმწიფო ერთვებოდა და უფინანსებდა საცხოვრებელ და კვებით საჭიროებას. ის მოქალაქეები, რომლებიც ომამდე ტურისტული მიზნით იყო ჩამოსული არ დარჩენილა საცხოვრებლის გარეშე"-განაცხადა თინა ზოიძემ.
უკრაინის მოქალაქეების ნაწილს ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრის“ დატოვება მოსთოხვეს. ადმინისტრაციამ ლტოლვილებს რამდენიმე დღიანი ვადა მისცა ალტერნატიული საცხოვრებლის მოსაძებნად.