რუსებისა და ბელორუსებისთვის უიმბლდონი დახურეს

21 აპრ 2022

უიმბლდონის ღია პირველობაზე წელს ვერცერთი რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელი ვერ ითამაშებს.

წლის მესამე დიდი სლემის ტურნირის ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება საბოლოოდ დაადასტურეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უიმბლდონზე ვერც აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული დანიილ მედვედევი იასპარეზებს. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე არც მერვე ჩოგანი ანდრეი რუბლიოვი იქნება.

ქალ ჩოგბურთელთა შორის სანქცია სხვებთან ერთად შემდეგ ფავორიტებს შეეხებათ: არინა საბალენკას, ანასტასია პავლიუჩენკოვას და ვიკტორია აზარენკას. 2022 წლის უიმბლდონი 27 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება.