თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა ოთხ დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი - ჯანდაცვის სამინისტრო 

28 მარ 2022

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა ოთხ დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. ესენია: „ფარმადეპო“, „ავერსი“, „PSP“ და „იმპექსი“. 

უწყების ცნობით, ერთი მედიკამენტი - „ქსარელტო“ არის ხელმისაწვდომი „GPC”-ს და „ფარმსახლი“-ს მთელ ქსელში.

''თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 50-მდე დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.

მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად'' - წერია განცხადებაში.