რიყის დოქები 10 მილიონ 20 000 ლარად გაიყიდა 

24 მარ 2022

"რიყის დოქები" მეშვიდე მცდელობით გაიყიდა. ის 10 მილიონ 20 000 ლარად შეიძინეს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი კომპანია Global Victory Trust-მა იყიდა.

ინვესტორი ვალდებული იქნება, 3 წლის ვადაში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყობა.

ე.წ. რიყის დოქების გაყიდვის მიზნით აუქციონი 6-ჯერ გამოცხადდა და ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა.

მეშვიდე აუქციონი 10 მარტს გამოცხადდა.