28 იან 2022
წელს დასრულდება ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის, "ოცნების სახლის" მშენებლობა და 582 ოჯახი წელსვე მიიღებს შესაბამის საცხოვრისს - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე დაწყებულია სამუშაოების მეორე ეტაპისთვის და ეს პროექტიც წელსვე დაიწყება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2022 წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქედაში დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა და შესაბამისი ოჯახები უსაფრთხო გარემოში რამდენიმე დღეში გააგრძელებენ ცხოვრებას.
"ქობულეთში ექსპლუატაციაში შედის მყარი ნარჩენების ობიექტი, რაც ერთის მხრივ ნიშნავს გაუმჯობესებულ გარემო პირობებს, მეორეს მხრივ ძალიან მალე მოვახდენთ ბათუმში, გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელის კონსერვაციას და მის დახურვას.
წელს 22 მლნ ევროს ათვისება იგეგმება წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების განვითარების კუთხით აჭარის 5 მუნიციპალიტეტში და ეს ნიშნავს წყალმომარაგების სისტემის ხარისხობრივ გაუმჯობესებას თითოეული ოჯახისთვის.
ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ექსპლუატაციაში შედის ბათუმის სპორტული კომპლექსი, სადაც განთავსდება სპორტის 12 სახეობა და ჩვენი სპორტსმენები გააგრძელებენ თანამედროვე პირობებში წვრთნას და მომზადებას.
წელსვე დასრულდება ჩაქვის ძალოსნობის ბაზა და შუახევში ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია.
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაგეგმილია და გრძელდება, როგორც სარაგბო ბაზების ასევე შესაბამისი სპორტული დარბაზების მშენებლობა: ქობულეთში, ბათუმში, ღორჯომში, ხუცუბანსა და ფურტიოში.
პანდემიის მიუხედავად, გრძელდება ახალი ტურისტული ინფრაქტრუქტურის მშენებლობა, რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე ვმუშაობთ. უნდა აღვნიშნო ისპანის ჭაობში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ძალიან მალე დაიწყება და ის გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი.
ხიხანზე იწყება ტურისტული ინფრასტრუქტურის, ბილიკების მშენებლობა და გაგრძელდება ხიხანის ციხის აღდგენა-რეაბილიტაცია. პანდემიის მიუხედავად, ბოლო 2 წელში, აჭარას 95-ზე მეტი ტურისტული ობიექტი შეემატა. მათ შორის: ახალი სასტუმროების მშენებლობა, კოტეჯები, კვების ობიექტები.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეთნო სოფლის პირველი ფაზის დასრულება მაჭახელაში. შუახევში ჭვანის ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე ჩირუხში ახალი ზიპლაინის მშენებლობა. ყველას მოგიწოდებთ კოორდინირებული მუშაობისკენ"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.