გაფიცული სოციალური აგენტები ხელფასების გაორმაგებას და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ 

20 იან 2022

თბილისსა და ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს.

გაფიცული თანამშრომლები დედაქალაქში  მთავრობის ადმინისტრაციასთან, ბათუმში კი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილია სოციალური მომსახურების სააგენტოს 30-მდე თანამშრომელი, მათ შორის ბათუმის, ხულოს, შუახევის და ხელვაჩაურის ფილიალების წარმომადგენლები.

ისინი ხელფასების გაორმაგებას, დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. 

ქვეყნის მასშტაბით, სოციალურ სამსახურში დასაქმებული 600-ზე მეტი პირიდან, დაახლოებით 400-ია გაფიცული. მათ შორის არიან როგორც სოცაგენტები, ასევე იურისტებ და, სპეციალისტები.

ჯანდაცვის სამინისტრომ მათ, რამდენიმე დღის წინ, ხელფასების 60%-ით გაზრდა შესთავაზა. გაფიცულები ხელფასების გაორმაგებას ითხოვენ და ანაზღაურების შეთავაზებულ 60%-მდე ზრდას არ ეთანხმებიან. ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.