ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა

03 იან 2022

ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. ილია ღუდუშაური მინისტრმა დღეს თანამშრომლებს წარუდგინა. 

ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. 2017-2018 წწ. იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის, დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა კი თანამდებობა დატოვა. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის გიორგი წოწკოლაურს, რომელიც მინისტრის მოადგილის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა და დევნილების თემას კურირებდა.