29 დეკ 2021
"არ ვიცით რა შენდება'' - ამბობენ გოგოლის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე თვეა ხედავენ, რომ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ყოველ თვე კი დასახლებას ახალი კორპუსი ემატება. ტერიტორიას მკაცრად კონტროლდება და შესვლა აკრძალულია. მშენებლობა დიდი გალავნითაა გარშემორტყმული.
''არც აბრაა გამოკრული და არც არაფერია მითითებული. მედიაში და სოციალურ ქსელებშიც ვაკვირდებით ამ თემას. არსად არ გახმოვანებულა ზუსტი ინფორმაცია, რომ ვიცოდეთ რა შენდება. ყაზარმული ტიპის შენობები შენდება ვხედავთ. ბევრჯერ ვიკითხეთ, მაგრამ პასუხს არავინ გვცემს. ''ბენზეში'' ვცხოვრობ და როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს მაინტერესებს რა იქნება აქ" - ამბობს ანზორ ბერიძემ.
დღეს მუნიციპალურმა ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, „მეტრო ტერმინალს“ უნებართვოდ მშენებლობის გაგრძელების უფლება შეეზღუდა. უწყების ცნობით, კომპანია პირველი ივნისიდან დღემდე უკანონო მშენებლობის ფაქტზე 6 000 ლარით, მშენებლობის შეუჩერებლობის გამო კი 39-ჯერ 5 000 ლარით დააჯარიმეს.
აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 6 ჰექტარ ფართობზე ცხრა კორპუსი უკვე აშენდა. ამ დრომდე უცნობია ყაზარმული ტიპის შენობების დანიშნულება.
ტერიტორიაზე მუშები და ტექნიკა დღეს ისევ მუშაობდა.
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია განმარტავდა, რომ პირველად „მეტრო ტერმინალი“ პირველ ივნისს დააჯარიმა, შმდეგ კი კიდევ რამდენჯერმე. სწორედ ეს ჯარიმები და მშენებლობის შეჩერების, ასევე დემონტაჟის შესახებ დადგენილებები გაასაჩივრა კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ სასამართლოში.
აჭარის მაუწყებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ საქმე წარმოებაშია და კანონით დადგენილი მოქმედებები მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე კომპანიას გააფრთხილებენ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყება.

დავუკავშირდით კომპანიის იურისტსაც, რომელმაც გვითხრა, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა და საკითხზე კომენტარს სატელეფონო ჩართვისას გააკეთებდა. მოგვიანებით კი მასთან დაკავშირება ვეღარ შევძელით.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, გოგოლის #11-ში ხუთ ჰექტარზე მეტი ფართობი ეკუთვნის სააქციო საზოგადოება „მეტრო ტერმინალს“, გოგოლის #11ბ – კი სააქციო საზოგადოება „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ საკუთრებაა, რომელსაც ტერიტორია იჯარით 2032 წლამდე აქვს აღებული.
მიმდინარე მშნებლობის შესახებ საზოგადოებისათვის ცნობილი სექტემბერში გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ გოგოლის ქუჩაზე კორპუსებს უკანონოდ აშენებდნენ.