რესტორატორთა ასოციაციის წევრები „მწვანე პასპორტის“ გაუქმებას ითხოვენ 

16 დეკ 2021

რესტორატორთა ასოციაციის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავენ. ისინი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებენ ''მწვანე პასპორტები'' და კვების ობიექტებისთვის დაწესებული შეზღუდვა გაუქმდეს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკუთარი რესტორნის „მწვანე ზონად“ გამოცხადება თოთოეულმა ობიექტმა ნებაყოფლობით უნდა განახორციელოს.

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ რესტორნებსა და კაფე ბარებს შემოსავალი საგრძნობლად შეუმცირდათ და ისინი დაკეტვის საფრთხის წინაშე არიან. 

''პირველი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ შემოღებამ არანაირი შედეგი არ გამოიღო ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით - ინფიცირებულთა რაოდენობა არ მცირდება, ისევე როგორც აცრილთა რაოდენობა მინიმალურ ნიშნულზეა. ფაქტია, რომ ამ მხრივ პოზიტივი არ დაფიქსირებულა, რითაც დასტურდება პროგნოზი, რომ ეს პროექტი ვერ მოიტანდა დადებით ეფექტს ეპიდემიასთან ბრძოლაში. ამას იმ ქვეყნების გამოცდილებაც ადასტურებს, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ ჩვენზე ადრე ჰქონდათ შემოღებული. იქაც არანაირი შედეგი ამ ნაბიჯს არ მოუტანია.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს დარგში „მწვანე პასპორტის“ შემოღებამ, რესტორნებს და კაფეებს პანდემიის გამო განახევრებული შემოსავალი კიდევ გაუნახევრა, ზოგიერთი რესტორანი დაკეტვას აპირებს და ზოგი კი უკვე დაიკეტა. უამრავი ობიექტი ანახევრებს პერსონალს და ეს ადამიანები უმუშევრად რჩებიან, ობიექტების შემოსავლების კლება კი იწვევს  გადასახადების და ბიუჯეტში შენატანების შემცირებას. უამრავი ობიექტი ითხოვს სახელმწიფოსგან კომპენსაციას და დახმარებას. ხალხი ამ ათ დღეში უკვე გამწარების ბოლო ზღვარზეა მისული.

ასევე მოგეხსენებათ, რომ „მწვანე პასპორტის“ შემოღებით ირღვევა ჩვენი რესტორნების აუცრელი მომხმარებლების უფლებები, რომლებიც დღეისთვის უმრავლესობას წარმოადგენენ. ისედაც გახლეჩილი საზოგადოება კიდევ ნაწევრდება და უფრო ანტაგონისტურად განაწყობს მათ ერთმანეთის მიმართ.

ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი მომენტების შეფასებისას მუდმივად უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ ის კეთილი იდეა, რის გამოც მოხდა „მწვანე პასპორტის“ შემოღება, - ქვეყანაში გაუმჯობესებულიყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მიღწეული არ არის. ეს არ მომხდარა ასევე არც ერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც „მწვანე პასპორტის“ ექსპერიმენტი ტარდება უკვე თვეების განმავლობაში'' - აღნიშნულია წერილში.