საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

30 ნოე 2021

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში პირველი მარცხი განიცადა.

ილიას ზუროსის შეგირდები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს სტუმრად ტრავმირებული კაპიტნის თორნიკე შენგელიას გარეშე დაუპირისპირდნენ და 61:89 წააგეს.  

ესპანეთმა 2 გამარჯვება მოაგროვა და ჯი ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერად იქცა. თითო-თითო მოგება აქვთ საქართველოსა და უკრაინას, რომელმაც აუტსაიდერ ჩრდილოეთ მაკედონიას 78:61 სძლია.

საკვალიფიკაციო მატჩები აღნიშნულ ოთხეულში 2022 წლის თებერვალში განახლდება.

ქართველი კალათბურთელები 24-სა და 27 თებერვალს მაკედონიელებს შინ და გარეთ ეთამაშებიან.