თუ გაქვთ ელექტრონული QR კოდი, მატერიალური კოვიდბარათი საჭირო აღარ არის

30 ნოე 2021

იუსტიციის სახლი განმარტავს, რომ ელექტრონული QR კოდის ქონის შემთხვევაში, მატერიალური კოვიდბარათის აღება საჭირო აღარ არის.

მოქალაქეებმა უნდა გადმოწერონ აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს.

უწყების ცნობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს.

''აპლიკაციაში QR კოდის გააქტიურების შემდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეში გაწევრიანებულ 49-ვე ქვეყანაში მოგზაურობისთვის, მატერიალური კოვიდ-ბარათის ქონა საჭირო აღარ არის.

აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაიაქტიურებთ QR კოდს და მიიღებთ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას:

ვაქცინაციის ჩატარების თარიღს და ვაქცინის ტიპს

უკანასკნელად ჩატარებულ PCR და ანტიგენის ტესტის შედეგებს

თქვენი ინფიცირების სტატუსს'' - წერია ინფორმაციაში. 

აპლიკაციის გადმოსაწერად გამოიყენეთ ლინკები: iPhone – apps.apple.com და Android – play.google.com

საქართველოში პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“-ტესტი ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.