თურქეთში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის ნებართვების გაცემა დღეიდან იწყება

13 სექ 2021

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის (სპეციალური) ნებართვების გაცემა, დაიწყება დღეს, ორშაბათს, 13 სექტემბერს, დილის 9.00 სთ - დან - სააგენტოს თბილისის, ბათუმისა და ფოთის ოფისებიდან.

მათივე ინფორმაციით:

➤ ერთ გადამზიდველზე, ერთი სამუშაო კვირის განმავლობაში, გაიცემა მხოლოდ სამი ნებართვა (ერთ ავტომობილზე ერთი ცალი), მიუხედავად განმცხადებლის მფლობელობაში არსებული ავტომობილების რაოდენობისა;

➤ ნებართვა გაიცემა, როგორც დაჩქარებული, ასევე, დაუჩქარებელი წესით (სამივე ფილიალში).

➤ ECMT, ტრასეკას ნებართვების ქონა არ წარმოადგენს თურქეთის სპეციალური ნებართვის მიღების დამაბრკოლებელ გარემოებას;

➤ აუცილებელია წარმოდგენილ იქნას გახარჯული თურქეთის სპეციალური ან ბისეკის ნებართვა ორიგინალის სახით;

➤ ნებართვის მისაღებად არ არის საჭირო CMR-ის ან ხელშეკრულების წარმოდგენა.

ხოლო, რაც შეეხება მე - 3 ქვეყანაში/ მე - 3 ქვეყნიდან გადაზიდვის თურქეთის რესპუბლიკის ნებართვებს, სააგენტოს ინფრომაციით, მათი გაცემა დაიწყება, 20 სექტემბერს, დილის 9.00 სთ - დან, ასევე ერთდროულად სააგენტოს სამივე ოფისიდან.

ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა, საქართველოდან თურქეთისა და ასევე რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით გადაზიდვების ნებართვის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.