მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი წვიმის შედეგად გზები და ხიდები დაზიანდა

27 ივლ 2021

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სტიქიური მოვლენების განვითარების შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელ საყდართან), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა.

მათივე ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ასევე, ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ენგურმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კმ-ზე (კალა-იფარი) რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯის საყრდენი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზეც აიკრძალა ყველა სახის ​ავტოტრანპსორტის მოძრაობა.

უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ამუშავებენ გეგმას, როგორც სტიქიის სალიკვიდაციო, ისე გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა.