„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ 2 პირი დააკავეს - შსს

15 ივლ 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვ.ბ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებულმა დ.ქ.-მ იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი.