ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმე - სასამართლოში პროკურატურის მოწმეებს უსმენენ 

15 ივნ 2021

ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს პროკურატურის მოწმეებს კითხავენ.

ბრალდების მხარე ნაფიც მსაჯულებს მტკიცებულებებს აცნობს. მაშინ, როდესაც მოწმე გამომძიებელი მკვლელობის ადგილს აღწერდა, ერთ-ერთი ნაფიცი შეუძლოდ გახდა, რის გამოც მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. მოგვიანებით ნაფიცმა მსაჯულმა განმარტა, რომ დილიდან თავს შეუძლოდ გრძნობდა.

საქმის არსებითი განხილვა ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქედაში მკვლელობა გასული წლის 2 ოქტომბერს მოხდა, გარდაცვლილია 32 წლის კაცი.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გია ბ.-მ თავისივე ბიძაშვილი  მოკლა რამდენიმე ახლობლის და მათ შორის, მამის თვალწინ. გამოძიების ვერსიით,  მკვლელობის იარაღი დანა იყო. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გ.ბ. წინასწარპატიმრობაშია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ელოდება.

ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა საქმეს მოსამართლის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.