მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი საუკეთესოდ დასახელდა

24 მაი 2021

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწიეს.

გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო მიწვეული, სადაც 165 ქვეყნის 11 000 კომპანია და 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი იყო წარმოდგენილი.

გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ მთავარ ვიდეოეკრანებზე საქართველოს სარეკლამო-საიმიჯო ვიდეორგოლები ენახათ და ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. 

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი საუკეთესოდ დასახელდა.

''წელს, მადრიდის გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად გახსნა. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ საქმიანი შეხვედრები გამართა საერთაშორისო მედიის, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.