რამდენიმე წელიწადში ინტერნეტიზაციის პროექტი დაახლოებით ათას დასახლებულ პუნქტს მოიცავს- ირაკლი ღარიბაშვილი

14 მაი 2021

ჩვენთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი გურიიდან დავიწყეთ-ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრემიერი გურიაში ეკონომიკის მინისტრთან და მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ერთად იმყოფება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებით 49 დასახლებული პუნქტის, 29 000-მდე ჩვენს მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს სხვადასხვა პროგრამებით და სერვისებით.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. ჩვენთვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი გურიიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დავიწყეთ და ამ პროგრამის განხორციელებით 49 დასახლებული პუნქტის, 29 000-მდე ჩვენს მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს ისეთი პროგრამებითა და სერვისებით როგორიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და ა.შ.“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, ინტერნეტიზაცია ყველა რეგიონში განხორციელდება, ამის შემდეგ იქნება ქობულეთის მუნიციპალიტეტში და რამდენიმე წელიწადში პროექტი დაახლოებით ათასს დასახლებულ პუნქტს, მათ შორის მაღალმთიან სოფლებს მოიცავს.