გრძელდება მოლაპარაკებები, რის შემდეგაც ქვეყანა ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს - საკოორდინაციო საბჭო

14 აპრ 2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა.

გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზანია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წარიმართოს.

''პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, ქვეყანა უახლოეს მომავალში ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს, რაც ვაქცინაციის პროცესის უწყვეტად წარმართვას უზრუნველყოფს'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.