გამოკითხულთა 65% უმუშევრობას უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს - IRI-ის კვლევა 

05 აპრ 2021

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 65% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ეკონომიკასა და უმუშევრობას ასახელებს. გამოკითხულთა 37 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა გაზრდილი ფასები და ცხოვრების გაუარესებული პირობებია.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76 პროცენტი თვლის რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა "მეტ-ნაკლებად გაუარესდა" (37%) და "მნიშვნელოვნად გაუარესდა" (39%). გამოკითხულთა 63% მიიჩნევს რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 71% თვლის რომ ეკონომიკური მდგომარეობა "მეტ-ნაკლებად" ან "ძალიან" ცუდია.

გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41% თვლის რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34% ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. 

გამოკითხულთა 59% კმაყოფილია მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში, მათ შორის  "მეტ-ნაკლებად კმაყოფილია" (44%) და "ძალიან კმაყოფილია" (15%).

''ეს მონაცემი IRI-ს მიერ, 2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მაჩვენებელთან შედარებით 20%-იან ვარდნას წარმოადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შესამსუბუქებლად, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მოსახლეობის 45%-მა გამოთქვა კმაყოფილება, მაშინ როდესაც 2020 წლის ივნისის კვლევაში ეს მონაცემი 56%-ია'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

კვლევა 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.