ხელვაჩაურის ბაღში დაკვამლიანება იყო - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა 

02 აპრ 2021

ხელვაჩაურის ერთ-ერთ ბაღში დაკვამლიანება იყო, რის გამოც ბავშვებსა და აღმზრდელებს შენობის დროებით დატოვება მოუხდათ. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ბრიგადებიც მივიდნენ, თუმცა მოქალაქეებს მაშველების დახმარება არ დასჭირდათ. 

ბაღების გაერთიანების უფროსის განცხადებით, შენობის ერთ-ერთ იზოლირებულ ნაწილში, კერძოდ კი სამრეცხაოში ჩამრთველი დაზიანდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ​ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

ბაღში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება.