იუსტიციის სახლი 27 მარტიდან მომხმარებლისთვის შაბათსა და კვირას დაჩქარებული სერვისის მიწოდებას აღადგენს

26 მარ 2021

იუსტიციის სახლი 27 მარტიდან მომხმარებლისთვის შაბათსა და კვირას დაჩქარებული სერვისის მიწოდებას აღადგენს.

დაჩქარებული, ერთდღიანი სერვისის მიღებას მომხმარებელი კვლავ სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეძლებს. ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს შაბათ-კვირას - 10:00-დან 17:00 საათამდე მიიღებენ, ხოლო ქუთაისის იუსტიციის სახლი მხოლოდ შაბათს - 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.

აღნიშნულ ფილიალებში შაბათ-კვირას, ისევე როგორც პანდემიამდე პერიოდში, შესაძლებელი იქნება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარკვეული კატეგორიის სერვისების მიღება.

მომსახურების სრული ჩამონათვალი იხილეთ ვებგვერდზე: (http://psh.gov.ge/main/page/7/558)

იუსტიციის სახლებში სერვისის მიღება კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს სერვისს ხუთ ენაზე სთავაზობს - დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.

იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მოქალაქე:  ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს – my.gov.ge.