“ქართული ოცნების” ოფისთან აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

10 მარ 2021

,,ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის და მოძრაობა "საქართველოს" წარმომადგენლები აქციას მართავენ, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 4 პირი. 

აქციის მონაწილეები, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ გამოძიება პროკურატურას სწორედ ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით უნდა დაეწყო.

დაპირისპირება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მაშინ მოხდა, როცა ისინი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის ავტომობილს საპროტესტო ბანერით წინ გადაუდგნენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის ინფორმაციით, ხუთი მოქალაქე სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ხოლო ერთი ხულიგნობისთვის დააკავეს.

„დაკავებულია ექვსი ადამიანი ადმინისტრაციული წესით. ხუთი ადამიანი 173-ე მუხლით, ერთი კი დაკავდა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ბოლო დაკავებული ილანძღებოდა, იგინებოდა და არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“, – განაცხადა გოგა მემანიშვილმა.