ქობულეთის ''შუქურამ'' ეროვნულ ლიგაში პირველი შეხვედრა მოიგო

09 მარ 2021

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ქობულეთის "შუქურამ" პირველი შეხვედრა მოიგო. საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში "შუქურამ" ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიას" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.

პირველმა ნახევარმა გოლის გარეშე ჩაიარა და ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის 76-ე წუთზე გიორგი შაშიაშვილის გუნდმა შეტევა წამოიწყო.

მირზა ფარტენაძის ჩაწოდების შემდეგ "შუქურას" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჯეფერსონ ჯერალდომ ეფექტური ე.წ "მაკრატელა" დარტყმით შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა და მის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

"შუქურას" 3 თამაშის შემდეგ 4 ქულა აქვს, გუნდი შემდეგ შეხვედრას 15 მარტს გასვლაზე თბილისის "ლოკომოტივთან" ითამაშებს.