დაკავებების სერია ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე

23 იან 2021

რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე, სამართალდამცავებმა ამ დროისთვის  863 ადამიანი დააკავეს, დაკავებები ქვეყნის 50-მდე ქალაქში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ მოსკოვში მოქალაქეების დაკავება ჯერ კიდევ საპროტესტო აქციის დაწყებამდე დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით მოსკოვში, ამ დროისთვის 190-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.ცნობისათვის საპროტესტო აქციები, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობს. ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ნავალნის ორგანიზაციამ 4 დღის წინ გამოაქვეყნა ვიდეო პუტინის მილიარდნახევრიანი სასახლის შესახებ.  ვიდეოს იუთუბზე უკვე 67 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.