დააკავეს პირი, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდა

22 იან 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ს.ა. საბაჟო-გამშვები პუნქტი "წითელი ხიდის" კონტროლის ზონაში დააკავეს.

დაკავებულს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ორ შეკვრად დაფასოებული 119,21 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი”.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 15- დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.