საქართველო ანტივირუსულ პრეპარატ "რემდესივირს" 2-3 კვირაში მიიღებს - თენგიზ ცერცვაძე

06 ოქტ 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „კოვიდის“ საწინააღმდეგოდ შექმნილი ანტივირუსული პრეპარატი "რემდესივირი​" საქართველოსთვის ხელმისაწვდომი 2-3 კვირაში იქნება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ ყველაზე საიმედო საშუალებაა. 

"ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის ხელმძღვანელობა და მალე, სავარაუდოდ 2-3 კვირაში, საქართველო იქნება ალბათ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და მოთხოვნად ანტივირუსულ მედიკამენტ „რემდესივირს“. არ არის დამტკიცებული, რომ ეს მედიკამენტი ნამდვილად კურნავს „კოვიდს“, მაგრამ სხვა მედიკამენტებს შორის ითვლება ყველაზე იმედისმომცემად. ეს მედიკამენტი იმდენად იმედისმომცემია, რომ ამერიკაში ჯერ არ უწარმოებიათ ეს მედიკამენტი საკმარისი რაოდენობით და მთავრობამ წინასწარ შეისყიდა ის. ევროპის ქვეყნებიდან ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც გზები მოვნახოთ მწარმოებელთან და შევიძინოთ. 2-3 კვირაში, დიდი ალბათობით, შემოვა საქართველოში ეს წამალი. ეს კიდევ უფრო შეამცირებს სიკვდილიანობის რაოდენობას, რაც ისედაც მცირეა“ - აცხადებს ცერცვაძე.

ინფექციონისტის ინფორმაციით, საქართველოს მიეცა საშუალება, რომ იყოს მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე და ამ ეტაპზე, აღნიშნულთან დაკავშირებით ონლაინტრენინგები მიმდინარეობს.

"საქართველოს მიეცა რეკომენდაცია და საშუალება, რომ იყოს ამ მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებს შორის. ახლა მიმდინარეობს ონლაინ-ტრენინგები, როგორ გამოვიყენოთ ეს მონოკლონური ანტისხეულები, შემდეგ მოგვაწვდიან და ესეც 2-3 კვირაში, ვფიქრობ ხელმისაწვდომი იქნება.

დღეისთვის არსებული ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება – „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები. თუმცა, ჯერ მათი გარანტირებული ეფექტურობა დადასტურებული არ არის“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 348 აჭარას უკავშირდება.