ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო

07 ივლ 2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები ხანძრის კერებთან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

მათვე განცხადებით, დილიდან ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ძალები როგორც სპეციალური ტექნიკის, ასევე, ცოცხალი ძალის კუთხით. სვანეთში მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი. ადგილზე, ასევე, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

მუშაობა განაახლეს შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო მე-3 ვერტმფრენი.
ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი.

ხანძრის ქრობის სამუშაოები ადგილზე მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.