94 მომხრე და 1 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები დაჩქარებული წესით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.
- ცვლილებების მიხედვით სავალდებულო ხდება პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის შეყვანა. პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის თუ საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი არ ეყოლება.
- აკრძალული ხდება კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც.
- აკრძალული ხდება კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებაც. ეს აკრძალვა არ შეეხება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას.
- პროექტის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ საჯარო სკოლების პედაგოგებს, სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, ასევე სსიპ-ებისა და სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლებს.
- ცვლილებების თანახმად ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე თანხითაც კი, სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.
- აკრძალული იქნება კენჭისყრამდე რვა საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში გაშვება.
- საარჩევნო მიზნებით ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
- კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მედია-კამპანიისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი საეთერო დროის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს.