მოქალაქეებს, რომლებსაც თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადა ამოეწურათ, ქვეყანა 30 ივნისამდე უნდა დატოვონ - საელჩო

15 ივნ 2020

საქართველოს საელჩო თურქეთში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა,  თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ. 

''თურქული მხარის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან მოიხსნება არსებული შეღავათი იმ მოქალაქეთათვის, რომლებმაც თურქეთში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და მ/წლის 29 მარტიდან ქვეყანაში იმყოფებოდნენ არალეგალურად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან, თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ 1 ივლისიდან, ისინი ვერ ისარგებლებენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები'' - წერია განცხადებაში.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26