პოლიციამ 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ფაქტი გამოავლინა

26 აპრ 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 25 აპრილის 21 საათიდან 26 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, 75 მოქალაქე დააჯარიმა.

მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი კიდევ 24 პირი დაჯარიმდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 33 მოქალაქე დააჯარიმეს.