ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკაში, ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიაში

05 აპრ 2020

კორონავირუსს მსოფლიოს 209 ქვეყანაში ებრძვიან. მდგომარეობა უმჯობესდება ჩინეთში. ქვეყანამ ინფექციის გავრცელების მაჩვენებლებით ქვეყნების პირველ ათეულში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ლიდერი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, მას მოყვებიან: ესპანეთი, იტალია გერმანია, საფრანგეთი... სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი კვლავ იტალიაა პირველ ადგილზე. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსს 15 360-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, შემდეგ ესპანეთია 12 418-ზე მეტი გარდაცვლილით, მესამე ადგილს კი ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს 8 454-ზე მეტი შემთხვევით...ამერიკაში გრძელდება მსჯელობა იმაზე თუ როგორ უნდა იზეიმონ მორწმუნეებმა რელიგიური დღესასწაულები.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ბზობისა და აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგიებს, აშშ-ის ბევრი სხვა მოქალაქის მსგავსად, კომპიუტერით მიადევნებს თვალს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანმა საზღვრები ჩაკეტა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე ძალაში შედის ქვეყნის შიგნით ადამიანების გადაადგილების შეზღუდვის ბრძანება. აზერბაიჯანში  „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 584 შემთხვევა გამოვლინდა, 32 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხუთი კი დაიღუპა.

რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსით კიდევ 536 ადამიანია დაინფიცირდა.  გარდაცვლილია 47 ადამიანი, ქვეყანას საერთო ჯამში 5 300-ზე მეტი ინფიცირებული ჰყავს. თურქეთში ინფიცირების 23 900-ზე მეტი შემთხვევიდან 501 ადამიანია გარდაცვლილი,  780-ზე მეტი კი გამოჯანმრთელებულია.