30 მარ 2020
ხვალიდან 70 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ, - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის შიდა გავრცელების მაღალი რისკის გამო მიიღო.
სახლიდან გასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან.
„იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები მარტოხელები არიან, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ მათ დაეხმაროს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ - მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე, სადაც საყოველთაო კარანტინის შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. სწორედ ამის გამო, საყოველთაო კარანტინის დაწესებამდე იყო რეკომენდაცია , რომ რისკ- ჯგუფში შემავალი პირები სახლში დარჩენილიყვნენ.