ლიფტის შახტში ჩავარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

04 მარ 2020

ბათუმში,  ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი 9 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს ექიმების ინფორმაციით, მოზარდი ეტაპობრივად კონტაქტურია, თუმცა მიდრეკილია ძილისკენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„შემოვიდა 9 წლის პაციენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში. სიმძიმეს განაპირობებდა პოლიტრავმა, ტრავმული შოკი. იყო სიმაღლიდან, მე-7 სართულიდან ვარდნა. მკურნალობა ინტენსიურ განყოფილებაში დაიწყო, ტარდება კვლევები. მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილურად მძიმე. ის რეანიმაციაშია მოთავსებული. პერიოდულად შემოდის კონტაქტში, უფრო მეტად ძილიანობისკენ არის მიდრეკილი“, - განაცხადა ექიმმა, მაგდა ბერიძემ.

შემთხვევა გუშინ, 3 მარტს, ღამით მოხდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ბავშვი ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე  ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.