ძიუდოს ლეგენდა ტედი რინერი თბილისის გრან პრიზე იასპარეზებს

21 თებ 2020

ძიუდოს ფრანგი ლეგენდა ტედი რინერი თბილისის გრან პრიზე ასპარეზობას გეგმავს. 30 წლის რინერმა წინასწარი განაცხადი უკვე გააკეთა და თუკი არაფერი შეიცვალა, ფრანგს თბილისში 27-29 მარტს დაგეგმილ გრან პრიზე ვიხილავთ.

რინერი ოლიმპიადის 2-გზის, მსოფლიოს 8 და ევროპის 5-გზის ჩემპიონია. საფრანგეთის ძიუდოს ნაკრებს თბილისური ქვოტა სრულად შეავსო და როგორც კაცებში, ასევე ქალებში 14-14 ძიუდოისტის ჩამოყვანას აპირებს.

ამ დროისთვის, თბილისის გრან პრიზე 49 ქვეყნის 221 ძიუდოისტი (115 კაცი+106 ქალი) არის დარეგისტრირებული. მანამდე კი გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დღეიდან 23 თებერვლის ჩათვლით 7 წონით კატეგორიაში 14 ქართველი ძუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.

დღეს ხალიჩაზე 2 წონით კატეგორიაში 4 ქართველი იასპარეზებს. 60კგ წონით კატეგორიაში ძალებს თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი მოსინჯავენ, ხოლო 66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი გამოვლენ.